ქოიავა  ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე
ქოიავა  ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე

ქოიავა  ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (9.III.1892, ოჩამჩირე - 17.VII.1967), ეკონომისტი,  მეცნიერი, ეკონ.  მეცნ.  დოქტორი, პროფესორი, საქართვ. მეცნ. დამსახ.  მოღვაწე. დაწყებითი განათლება მიიღო სამტრედიაში, შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის მოსამზადებელ სკოლაში. დასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ასტრახანში (1905), სადაც წარმატებით დაამთავრა რეალური სასწავლებელი და ამავე წელს გახდა კიევის ცნობილი კომერციული ინ-ტის სტუდენტი (1913). პროფ. კ. ვობლის რეკომენდაციით მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ-ის ხარისხი. შესთავაზეს დარჩენა, მაგრამ ჩამოვიდა ახლადგახსნილ თბილ. უნ-ტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. ქ. ნ. უნ-ტმა გაგზავნა გერმანიაში პროფესორად მოსამზა­დებ­ლად (1920). ისმენდა ცნობილი მეცნ. ლექციებს. მუშაობდა იენის უნ-ტში პროფესორების მ. ელისტერისა და კ. პირსტორფის ხელმძღვანელობით (1922-1923). დაწერა რამდენიმე ნაშრომი, რ-იც შემდეგ გამოიცა თბილისში. უკან დაბრუნებულმა ჩააბარა სადოქტორო გამოცდები და დაიწყო ლექციების კითხვა (1923). თავდაპირველად კითხულობდა პოლიტეკონომიის, დარგობრივი ეკონ. და ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის კურსებს, შემდეგ კი ფულის, კრედიტისა და ფინანსების დარგის დისციპლინებს. მიენიჭა პროფესორის წოდება (1933). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1942). მიენიჭა საქართვ. მეცნ. დამსა­ხ.  მოღვაწის წოდება (1960). იყო ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე (1933-1967), ეკონ. ფაკ-ტის დეკანი და მ/შ. (1947-1952, 1958-1960, 1966-1967). მისმა პირველმა შრომებმა როგორიცაა „ქართულ საფას-საზომთა მცოდნეობა“, „კიევის ფინანსები“ და „კოოპერატიული მოძრაობა ამიერკავკასიაში“(მომზადდა გერმანიაში), თავიდანვე მიიპყრო სპეციალისტების ყურად­ღება. მის კალამს ეკუთვნის 80-ზე მეტი გამოკვლევა. აღსანიშნავია მონოგრაფიული გამოკვლევა „მსოფლიო ფული“, რ-იც სამი ნაწილისგან შედგება. მასში სიღრმისეულად აქვს განხილული მსოფლიო ფულის ფუნქციად ჩამოყალიბების პროცესი. დიდია მისი ღვაწლი ეკონ. ისტორიის უმნიშვნელოვანესი პრობლემების დამუშავებაში. პროფესიულად გამოიკვლია XVIII სს. ქართ. ფულადი სისტემის საფუძვლები და გვიჩვენა მისი რეალური შინაარსი, როლი და მნიშვნელობა. საბჭ. პერიოდის ფულის მიმოქცევისა და კრედიტის საკითხებს მიუძღვნა მნიშვნელოვანი ნარკვე­ვე­ბი: “ისტორიული სკოლა“ (1923);  „ფულის რეფორმა და მანეთის განმტ­კი­ცება" (1947); „საკრედიტო რეფორმის არსი, როლი და მნიშვნელობა“; „კაპიტალისტური ქვეყნების ფულის მიმოქცევა და კრედიტი“. ამ ორიგინალურ მეცნ. გამოკვლევებს მნიშვნელობა დღემდე არ დაუკარგავს.

თხზ.:ქოიავა, ნ. (1925, ყდაზე 1926). საერთაშორისო მეურნეობა და საერთაშორისო ეკონომიკა. ტფ., უნ-ტის გამ-ბა; ქოიავა, ნ. (1926). საქართველოს სახელმწიფო ფინანსები. ტფ., პოლიგრაფტრესტის 1-ლი სტამბა; ქოიავა, ნ. (1956). ქართლ-კახეთის ფინანსები XVIII საუკუნეში (1701-1761). თბ.; ქოიავა, ნ. (1963). ფულის მიმოქცევა, კრედიტი და ფინანსები მე-18 საუკუნის ქართლ-კახეთში. თბ., უნ-ტის გამ-ბა.